Monday, May 11, 2009

დოკუმენტური ფილმის სცენარი

თვითმფრინავის ბიჭები
ავტორი გია ალავიძე

ქ. თბილისი. რუსთაველის პროსპექტი, შ. რუსთაველის ძეგლის მიმდებარე მიდამო. ახალგაზრდები სეირნობენ, სხედან, საუბრობენ, აქ მრავლად არიან ახალგაზრდა წყვილები.

დიქტორის ტექსტი – დღევანდელი საქართველო, 21-ე საუკუნის მიჯნაზე მდგარი ქვეყანა, უკვე ევრო საბჭოში გაერთიანებლული, საკუთარი კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისი კანონების მქონე ქვეყანაა. მისი მოქალაქეები საკმაოდ თავისუფლად გრძნობენ თავს, შეუზღუდავად გადაადგილდებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
(თბილისის აეროპორტი)
ყოველ დღე ათასობით ადამიანი თავისუფლად მიემგზავრება საქართველოდან და ჩამოდის აქ. მაგრამ სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო. ეს პრეროგატივა – ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, პრივილეგირებულთა ხვედრი იყო. ბუნებრივია ასეთი აკრძალვები ხელს უწყობდა ისეთი ადამიანების მომრავლებას, რომლებიც სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, ცდილობდნენ როგორმე გაეღწიათ ამ ეგრეთ წოდებული რკინის ფარდის მიღმა და ზოგჯერ ეს მცდელობები საშინელი კატასტროფით მთავრდებოდა...ჩვენ ახლა სწორედ ერთ-ერთი ასეთი ისტორიის განხილვას შემოგთავაზებთ. 1983 წლის 18 ნოემბერს თბილისის აეროპორტიდან აფრინდა თვითმფრინავი ტუ-134, რომელიც მიფრინავდა რეისით #6833 თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი.
ბორტგამცილებელი, ირინა ჩომიჩი – ჩვენს, ბორტგამცილებლის ოთახში, შემოიჭრა ორი ტერორისტი. მათგან ერთ-ერთი ვალენტინა კრუტიკოვასგან იარაღით ხელში მოითხოვდა, რომ მას პილოტებისათვის ტელეფონით მოთხოვნები გადაეცა.
ეკრანზე ამოდის ფოტოსურათები, გამოსახულებები.
დიქტორის ტექსტი – ესენი იყვნენ 25 წლის სოსო წერეთელი, პროფესიით მხატვარი და 29 წლის კახა ივერიელი, თერაპევტი. გარდაბნის რაიონის, სოფელ ახალსოფლის ამბულატორიის გამგე.

ცაში მფრინავი თვითმფრინავის ხედი.

დიქტორის ტექსტი – სწორედ ამ დროს თვითმფრინავის სალონში დაიწყო ტრაგიკული სისხლიანი დრამის პირველი მოქმედება.
(თვითმფრინავის სალონის გამოსახულება. ამოდის ფოტოები)
სალონში ამ დროს მგზავრებთან ერთად იმყოფებოდა თვითმფრინავის გამტაცებელთა (დანარჩენი ჯგუფის სხვა) წევრები. პაატა ივერიელი 23 წლის, ქირურგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ყოფილი კლინიკოს-ორდინატორი. გეგა კობახიძე 23 წლის – მსახიობი. თინათინ ფეტვიაშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის IV კურსის სტუდენტი. დათო მიქაბერიძე 25 წლის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის IV კურსის სტუდენტი. გრიგოლ ტაბიძე 32 წლის, სამჯერ ნასამართლები, ძარცვის, მანქანის გატაცების, ხულიგნობისთვის.
(ტექსტის ამსახველი მხატვრულად გათამაშებული სცენები)
პაატა იბერიელმა და გრიგოლ ტაბიძემ მათ წინ მჯდომი მგზავრი ალუდა სოლომონია, "რუსთავგაზის" სამმართველოს უფროსი, (შეცდომით) მილიციის თანამშრომლად მიიღეს. პაატამ მას შამპანიურის ბოთლი ჩაარტყა თავში. გრიგოლ ტაბიძემ კი ნაგანის სისტემის რევოლვერიდან თავში ესროლა და მოკლა. წინა რიგიდან გამოეშურა პილოტის ფორმიანი ა. პლუტკა. ტაბიძემ სამჯერ ესროლა, ორი ტყვია მხარში, ერთი წელის არეში.
თვითმფრინავის მგზავრი – გეგა კობახიძემ და პაატა ივერიელმა ხელყუმბრები ასწიეს და გვაიძულეს მგზავრები იატაკზე დავწოლილიყავით.
ი. ხიმიჩი (ბორტგამცილებელი) – შემდეგ ბორტგამცილებლის ოთახში შემოიჭრა მესამე ტერორისტი და იარაღის მუქარით მოსთხოვა ვალენტინა კრუტიკოვას გამცილებლისათვის დაწესებული ნიშნით დაეკაკუნებინა პილოტების კაბინის კარზე.
გარდაფხაძე (ეკიპაჟის კაპიტანი) – მე ეკიპაჟის მეთაურის მოვალეობას ვასრულებდი, მაგრამ მეორე პილოტის სავარძელში ვიჯექი მარჯვნივ, მარცხვნივ სტანისლავ გაბრაევი იჯდა, რომელსაც ეკიპაჟის მეთაურის ფუნქციები უნდა შეესრულებინა.(პილოტების კაბინის სამუშაო სიტუაციის გათამაშებული კადრები) მათთვის ეს პირველი ფრენა იყო ამ თანამდებობაზე. ჩვენთან ერთად მიფრინავდა ასევე საფრენ-საშტურმანო განყოფილების უფროსის მოადგილე ზავენ შაბარტიანი.
სტანისლავ გაბარაევი (პილოტი) – სამოქალაქო ავიაციაში არის წესი "პირველი ფრენა ეკიპაჟის მეთაურის როლში. "ჩემთვის ზუსტად ასეთი ფრენა იყო. ყველაფერი რიგზე იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბათუმისაკენ იაკ-40-ის გაფრენა გადაიდო და ხალხი, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ჩვენს თვითმფრინავში მოხვდა. როგორც შემდეგ გაირკვა თავდასხმა იაკ-40-ზე მზადდებოდა და ტუ-134 მათთვის მოულოდნელობა იყო . . .
გასოიანი (პილოტი) – გადავუფრინეთ ქუთაისს, ჩამოვუშვით შასი, მაგრამ გადმოგვცეს, რომ ბათუმში მოულოდნელად ქარი ამოვარდა. იქ ასე ხშირად ხდება. გვიბრძანეს, გავფრენილიყავით სათადარიგო აეროდრომზე. მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისში დავბრუნებულიყავით.
გარდაფხაძე – ქობულეთს გადავუფრინეთ და ამ დროს კაბინის კარებზე დააკაკუნეს. ასე აკაკუნებენ ბორტგამცილებლები.

(გათამაშებული სცენა)

შაბარტიანმა გაიხედა და დაინახა მეორე გამცილებელი ვალია კრუტიკოვა. ვერ შეამჩნია, რომ კრუტიკოვას თავი ჰქონდა გატეხილი. თურმე როცა შასი ჩამოვუშვით, ბანდიტებს უფიქრიათ, რომ ბათუმში ვჯდებოდით და თვითმფრინავის დაპყრობა დაუწყიათ. ორივე ბორტგამცილებელი გაუბრუნებიათ ისე, რომ მათ ვერ მოასწრეს ხელის დაჭერა ღილაკზე “თავდასხმა”.
გაბრაევი – შაბარტიანმა კარი გააღო და პირდაპირ სახეში მოხვდა ტყვია.

(გათამაშებული სცენა)

ტაბიძემ ერთხელ ესროლა. კახა ივერიელმა ექვსჯერ. შაბარტიანი სავარძელში ჩავარდა, შემოვარდნენ კაბინაში სოსო წერეთელი, კახა ივერიელი. კახა თავზე მიადებს იარაღს გარდაფხაძეს.

გარდაფხაძე – ბორტგამცილებელი ანზორ ჭედია მიუბრუნდა და კითხა `რა გინდათ?~ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, ესროლეს და სავარძელში ჩავარდა. როცა კაბინაში შემოვიდნენ, მარცხენა ხელით პისტოლეტი მოვისინჯე, მაგრამ ამოღება ვერ შევძელი. ჩვენ გვქონდა სამი პისტოლეტი: მე, გაბრაევს და შტურმან გასოიანს. თითოეულს რვა-რვა ტყვია, გასოიანი ქვევით იჯდა, ჩამოშვერილი ფარდები ფარავდა, ყველაფერი ესმოდა, მაგრამ სროლა არ შეეძლო – ჭედია ეფარებოდა, მაგრამ როცა ჭედიას ესროლეს სასროლი სექტორი გაიხსნა.
გასოიანი – ვხედავ მოქმედებაა საჭირო. მხოლოდ მე შემიძლია სიტუაცია გამოვასწორო.

(გათამაშებული სცენა)

პისტოლეტი ამოვიღე და ტერორისტს ვესროლე, რომელსაც მეთაური ყავდა დატყვევებული. წაიქცა. მეორე ყვირის ვინ ისროლა? საიდან ისროლა? მაგრამ გაბრაევის საფეთქლიდან იარაღს არ იღებს. კიდევ ორჯერ ვესროლე. როგორც შემდეგ გავიგე დამიჭრია. ამასობაში მეთაურმა პისტოლეტის ამოღება მოახერხა.
გარდაფხაძე – ტყვიები უკვე გვითავდებოდა და ვიფიქრე კარები უნდა დაიკეტოს. მაგრამ როგორ? შაბარტიანი კარებში წევს, ზევიდან აწევს ტაბიძე დაჭრილი ან მკვდარი. ვეუბნები გასოიანს გაათრიე კარებიდან, მე დაგფარავ, ამ დროს ვალია კრუტიკოვა გამოფხიზლდა.

(გათამაშებული სცენა)

თავი წამოწია. ისიც კარებთან იყო. ვალია დამეხმარე, გამაყვანინე უთხრა გასოიანმა. ნახევრად მწოლიარე კრუტიკოვამ ტაბიძე კარებიდან გაათრია. შაბარტიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ცდილობდა თვითონ შემოსულიყო კაბინაში. გასოიანი ეხმარებოდა. მე სროლას განვაგრძობდი. გაბრაევს თვითმფრინავი მიყავდა.

გასოიანი – ბრძოლისას თვითმფრინავს მე ვმართავდი. გარდაფხაძემ დამიძახა "გადადი ხელით მართვაზე, შექმენი დატვირთვა!"
(გათამაშებული სცენა)

ესეც მოვიქეცი. უცებ ავწიე თვითმფრინავი მაღლა. რომ ტერორისტებს წონასწორობა დარღვეოდათ, წაქცეულიყვნენ. გორის თავზე მეთაურს ტყვიები გაუთავდა, გასოიანსაც. მან ჩემი პისტალეტი აიღო და ახლა იმით განაგრძო სროლა. მეჩვენება რომ სროლა დიდიხანი მიმდინარეობდა, სინამდვილეში კი, ალბათ, ხუთი წუთი. ვალიამ კარი ჩაკეტა, თვითონ კი სალონში დარჩა ბანდიტებთან ერთად.
გასოიანი – სროლა გაგრძელდა ბანდიტები კარებს ესროდნენ, უნდოდათ გაეტეხათ. რა ხდებოდა სალონში, არ ვიცი. სიტყვის უთქმელად მოკლეს ჭედია და დაჭრეს შაბარტიანი, ალბათ, სალონში ყველა გადაცხრილეს. შაბარტიანი ყვირის "მიშველეთ! არ მინდა სიკვდილი!~ შემდეგ საბუთები და ფული ამოიღო მეთაურს სთხოვა, ცოლისთვის გადაეცა. გრძნობდა, რომ კვდებოდა. მეთაური ამხნევებდა `გაუძელი ჩვენ ახლა დავჯდებით, დაგვეხმარებიან" შაბარტიანის სახე სიკვდილამდე არ დამავიწყდება.
გარდაფხაძე – როცა კარები ჩაიკეტა, ყურმილი გავიკეთე და გადავეცი, რომ თავს დაგვესხნენ, რომ მოკლულია ბორტინჟინერი და დაჭრილია შტურმანი, შემდეგ ჩავრთე სიგნალი შOშ, სოხუმმა თავის აეროპორტში დაჯდომა შემოგვთავაზა, მაგრამ ვიცოდით რომ სოხუმში დასაჯდომი ზოლი რემონტში იყო, ამიტომ თბილისში გავფრინდით, ვხედავ უკან ორი სამხედრო თვითმფრინავი მოგვყვება.

(დოკუმენტური კადრები)

ალბათ ჩვენს სიგნალზე აფრინდნენ. გადავეცი თბილისს "მოემზადეთ, დაგვხვდით". რუსთავის თავზე სტიუარდესა ირა ხიმიჩმა შიდა ტელეფონით გადმოგვცა "მეთაურო! გაფრინდით თურქეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავს ააფეთქებენ. ხელყუმბარები უკვე მოამზადეს"- ვუპასუხე გადაეცი რომ თურქეთში ვჯდები. ვიფიქრე ღრუბელია, წვიმს, თანაც უკვე მოსაღამოვდა ვერ მიხვდებიან საქართველოა თუ თურქეთი . . .
(დოკუმენტური კადრები)
თვითმფრინავი მიფრინავს ცაში და ემზადება დასაჯდომად აეროპორტში

დიქტორის ტექსტი – აეროპორტში "კგბ"-ს პასუხისმგებელი თანამშრომელი ხომალდის მეთაურებისაგან კატეგორიულად მოითხოვდა თბილისის აეროპორტში დაჯდომას. ხოლო სამხედრო თვითმფრინავების ამოცანა იყო არავითარ შემთხვევაში არ გაეშვათ თვითმფრინავი ტუ-134 სსრკ-ს საზღვრებს გარეთ, თუნდაც უკიდურესი ზომის გამოყენებით. წარმოდგენილი ფაქტებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ როგორც გამტაცებლების, ასევე ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებს, პირდაპირ უნდა ითქვას რომ კომუნისტურმა რეჟიმმა მგზავრები გაწირა და დაუშვა ადამიანთა მსხვერპლი. თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ იშლება ამ ტრაგიკული დრამის შემდეგი ფურცელი. თვითმფრინავის დაჯდომისთანავე თვითმფრინავის გამტაცებელთაგან ერთერთმა დათო მიქაბერიძემ თავი მოიკლა.
ვიტალი დეგოდკინი ("ალფას" თანამშრომელი) – დაახლოებით საღამოს 6 საათი იქნებოდა ტირში სროლაში ვვარჯიშობდით, ჯგუფის უფროსი გენადი ზაიცევი ტირში შემოვიდა, მაგრამ მორიგემ დაუძახა და რაღაც უთხრა. ზაიცევი თავის კაბინეტში ავიდა და მალე განგაშის სიგნალიც გაისმა.

(გათამაშებული სცენა) – უნიფორმიანი ჯარისკაცები სირბილით სწრაფად ჯდებიან ავტობუსში, ავტობუსი დაიძვრება ადგილიდან ოფიცერი ინსტრუქტაჟს უტარებს.
ვიტალი დეგოდკინი – ჩვენ სწრაფად მოვემზადეთ, ავტობუსში ჩავსხედით და აეროპორტის გზაზე გვითხრეს რაც მოხდა. თბილისში ტერორისტებმა თვითმფრინავი გაიტაცეს, გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით, არის მსხვერპლი.

(გათამაშებული სცენა) – უნიფორმიანი ჯარისკაცები სირბილით ადიან სამხედრო თვითმფრინავში, თვითმფრინავი აფრინდება.

ვიტალი დეგოდკინი - ფრენისას გაგვაცნეს ძალთა განთავსება, ვინ იქნებოდა საშტურმო ჯგუფში, ვინ რომელი მხრიდან იმოქმედებდა და ვისთან ერთად. ოპერაციას თვითმფრინავზე უხელმძღვანელებდა მიხეილ გოლოვატოვი.

იგორ ორეხოვი (ალფას თანამშრომელი) - თბილისში ჩაფრენისას ძალები უკვე განლაგებული იყო გეგმის თანახმად, რომელსაც "ნაბათი" ერქვა. ჯარისკაცებმა აეროპორტს შემოარტყეს ალყა. ამინდი - საშინელი წვიმა, ცივი ქარი, ალბათ ტემპეატურა 2-3 გრადუსი იქნებოდა, სიბნელე. შევედით აეროპორტის შენობაში ჩაფხუტბით, ეკიპირებით. აეროპორტი ხალხით იყო სავსე. ყველა ჩვენ გვიყურებდა. მაშინ ჩვენი ჯგუფი ძალიან გასაიდუმლოებული იყო. ჩვენზე არაფერს წერდნენ, ჩვენ არავის დავლაპარაკებივართ.
გარდაფხაძე (ეკიპაჟის მეთაური) - თვითმფრინავის ირგვლივ ჯარისკაცები იდგნენ. ბანდიტებმა მოითხოვეს საავარიო ლუკის გაღება, ხოლო, ლუკთან ვიღაც ჯარისკაცი იჯდა, ის ლუკიდან ფრთაზე დახტა, ფრთიდან კი – მიწაზე და გაიქცა. თვითმფრინავიდან ესროლეს. ეგონათ ტერორისტი გარბოდა და მათაც გახნეს ცეცხლი. თვითმფრინავსაც ესროლეს, გაბრაევი ფეხში დაჭრეს. ჩავრთე აკუმულატორები და რაციით გადავეცი "მოაშორეთ ეს ჯარისკაცები", მაგრამ ტყვიამ რადოი დააზიანა და კავშირი გაწყდა.

(გათამაშებული სცენა) - გასოიანს ვუბრძანე, თვითმფრინავი დაეტოვებინა, ის ვიწრო სარკმელიდან გაძვრა. მივუბრუნდი გაბარაევს, ის ფეხში იყო დაჭრილი. "მიდი, სტანისლავ, გადაძვერი" ვუთხარი. ისიც გადაძვრა. დავრჩით კაბინაში მე და შაბარტიანი. ის მეხვეწება "საშინლად მტკივა, მომეცი წამალი", განძრევა უკვე აღარ შეეძლო. რა ხდებოდა სალონში ვერ ვხედავდი, მხოლოდ მესმოდა: მათ მგზავრი მიაყენეს ლუკთან და უბრძანეს მოთხოვნები გადაეცათ (ვისთვის???). ის გაუსხლტათ და გადახტა. ფეხი მოიტეხა.

(გათამაშებული სცენა) - ბორტგამცილებლები კრუტიკოვა და ხიმიჩი გადახტდნენ თვითმფრინავის სათადარიგო გასასვლელიდან. სოსო წერეთელმა სროლით მოკლა კრუტიკოვა.

დაქტორის ტექსტი (აეროპორტის ხედები) - აეროპორტში თვითმფრინავის გამტაცებლების მშობლებიც მოვიდნენ. ითხოვდნენ შვილებთან მიგვიშვით და გამოვიყვანთ მათ თვითმფრინავიდანო, მაგრამ მათ ამის უფლება არ მისცეს.
გარდაფხაძე - შემდეგ ქალს ბავშვი წაართვეს, თვითონ კარებთან მიიყვანეს "გადაეცი ჩვენი მოთხოვნები, თუ გადახტები, ბავშვს მოვკლავთო." ის კი ყვიროდა: "საწვავი ჩაუსხით, გაუშით თურქეთში, თორემ თვითმფრინავს ააფეთქებენ".
ორეხოვი (ალფას თანამშრომელი) - როცა მივიღეთ ბრძანება გადამწყვეტი იერიშისთვის დავიკავეთ ადგილები თვითმფრინავზე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიწექი ასე: ერთი, ორი თუ სამი საათი. ბრძანება არა და არ მოდიოდა. მომეჩვენა თითქოს თვითმფრინავს მივეყინე.
ლ. დარჩიძე (მოწმე) - ყველა მგზავრი აიძულეს ილუმინატორები დაეფარათ ხელებითა და სხეულით, რათა ეჩვენებინათ, რომ ჩვენ კიდევ ცოცხლები ვართ.
გ. ბასილაძე (მოწმე) - რომელიღაც მგზავრმა პაატა ივერიელს ტუალეტში გასვლის ნება სთხოვა. ამაზე მან უპასუხა: სულ ერთია ყველა მგზავრი მალე მოკვდება, ამიტომ ნუ მოგერიდებათ და მოთხოვნილებები აქვე დაიკმაყოფილეთო.
გ. გაჩავა (მოწმე) - იმუქრებოდნენ, რომ ყოველ ხუთ წუთში დახვრეტდნენ თითო ადამიანს.
ი. კუნდერენკო (მოწმე) - თვითმფინავი რომ დაეშვა, ჩემს სავარძელზე დაჯდა პაატა ივერიელი, მე იატაკზე დავწექი "რა, დაჭრილი ხარ? – მკითხა – მაჩვენე სადა ხარ დაჭრილი, მე ექიმი ვარ. ჭრილობა დაათვალიერა და თქვა, მძიმედ ხარ დაჭრილი, ალბათ ვაღარც გადარჩები, თუ გინდა გესვრი, რომ არ იწვალო".
დემიდკინი (ალფას თანამშრომელი) – პირველ კაბინაში ვლადიმერ ზაიცევი ავიდა. მახსოვს, პირველი, რაც დავინახე ვიწრო კაბინაში სავარძელთან მკვდარი პილოტი წევს, წინ ბორტინჟინერი, ისიც მკვდარი. ყოველ წუთში გავდიოდი კავშირზე. საბრძოლო ჯგუფები თავიანთ მზადყოფნას გადმოსცემდნენ. შტაბიდან გადმოსცემდნენ ტერორისტთა გადაადგილებაზე. გვიზუსტებდნენ მათ ადგილ-სამყოფელს.
ორეხოვი (ალფას თანამშრომელი) – ტუ-134-ს ორი ლუკი აქვს, რომლებიც ფრთებზე გამოდიან. ლუკი შევანგრიე, შევარდი. იმ ადგილას მგზავრები არ ყოფილან, სავარძლის საზურგეები დაკეტილი იყო. კვამლი, სიბნელე, არაფერი არ ჩანს, თანაც ყოველი მხრიდან ჩვენი ბიჭები შემოცვივდნენ. მივხვდი – მეორე სალონის დასაწყისში ვარ. გაიგე, რომელია მგზავრი, რომელი ბანდიტი. ყვირილი, კვნესა. ვყვირით: სად არიან? მგზავრებმა მიგვითითეს. მე შემხვდა ერთი, რომელიც კისერში იყო დაჭრილი. ის მესამე რიგში იჯდა და სიტუაციას აკონტროლებდა. წესი კი ასეთია, თუ შენ შეგხვდა ბოლომდე უნდა "იმუშაო". მეც ვიმუშავე.
ზაბროევი – იყო სამი ჯგუფი. ერთი კაბინიდან შევიდა, მეორე მარჯვენა ფრთიდან, მესამე – მარცხენა.(კომპიუტერული-გრაფიკული ნახაზი თვითმფრინავის მიმართულების) მე ვხელმძღვანელობდი ჯგუფს, რომელიც ფრთიდან უნდა შესულიყო. დავწექი და ვხედავ ქალს, რომელსაც მარჯვენა ხელში ხელყუმბარა უკავია. ვიფიქრე, დამინახავს-მეთქი, მაგრამ მისი ყურადღება სხვა მხარეს იყო მიმართული. ქართულად რაღაცას უყვიროდა მოლაპარაკებაზე მოსულ აეროპორტისა და პროკურატურის თანამშრომლებს. მივხვდი, ნერვები ღალატობდა და "მაკაროვი" მოვამზადე სასროლად, მაგრამ მოკვლით არავითარ შემთხვევაში არ მოვკლავდი. ბრძანება გვქონდა ლოკალიზაცია გაგვეკეთებინა ე. ი. მწყობრიდან გამოგვეყვანა. ქალი იმდენად ლამაზი იყო, რომ მისი სხვაში შეშლა ან დავიწყება შეუძლებელი იყო. როგორც კი შტურმი დავიწყეთ, პირევლად მას მივვარდი, რომ ხელყუმბარაზე რგოლის მოხსნა ვერ მოესწრო. წავაქციე და ყუმბარა წავართვი.
დემიდეინი (ალფა) – როცა გადამწყვეტი იერიშის ბრძანება მივიღეთ, კაბინის კარების გაღება დავიწყეთ. პირველი ზაიცევი შევიდა, შემდეგ მე, მესმის მისი ხმა "ხელები ზევით". ჰოლში, რომელიც კაბინას ჰყოფდა სალონისგან, ორი ტერორისტი იყო - ქალი და მამაკაცი. ზაიცევმა სწრაფი მოძრაობით ორივე ძირს დასცა. კაცი მაღალი და ბრგე იყო – დაახლოებით 190 სმ. ორივეს პისტოლეტი ჰქონდა. შევვარდი სალონში და დავინახე კიდევ ერთი ქალი. ვიფიქრე მგზავრია. ვეუბნები "წამოდით, თქვენ თავისუფალი ხართ", მაგრამ იგი სავარძელს ჩააფრინდა და იყვირა "არა, არა მე აფეთქება მინდა". ამხანაგს დავუძახე და ორივემ, ხელში აყვანილი ძირს გადავაწოდე ბიჭებს. ისევ დავბრუნდი, მეორე სალონში გოლვატოვი მუშაობდა. როცა შევედი, ყველანი ხელაწეულები ისხდნენ, ვერ გაარჩევდით ვინ იყო მგზავრი და ვინ ტერორისტი.
ზაბროვსკი – შტაბს შევარაძე ხელმძღვანელობდა. ოპერაციის დამთავრებამდე სიტყვა არ უთქვამს. მხოლოდ დამთავრების შემდეგ მოვიდა, გვითხრა, რომ აღფრთოვანებულია ჩვენი პროფეზიონალიზმით, რომ ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და ის ყველგან შეიძლება მოხდეს. პირადად მეც გადამიხადა მადლობა "სპასიბა, ვალოდიაო" მითხრა.

(თვითმფრინავის გამოსახულება ახლოვდება. მოციმციმე ნათურა ავსებს ეკრანს).

დიქტორის ტექსტი – აქ დამთავრდა თვითმფრინავის განთავისუფლების ოპერაცია, რომელიც 14 საათის განმავლობაში დაძაბული და უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ დილის 6სთ-სა და 27წთ-ზე და 6სთ-სა და 35წთ-ზე დასრულდა. ამ ოპერაციის დროს დაიღუპა ორი ადამიანი: თვითმფრინავის გამტაცებელი – სოსო წერეთელი და სამხედრო მოსამსახურე. ამ თვითმფრინავის გატაცების გამო დაღუპულთა რიცხვი 8-მდე ავიდა და სამწუხაროდ, ამ რიცხვით არ შემოფარგლულა. სისხლიანი, ტრაღიკული დრამა გრძელდება.

(პირველი ნაწილის დასასრული)

მეორე ნაწილი

აეროპორტი

მსხვილი პლანით – თვითმფრინავის მოციმციმე წეთელი ნათურა. ნათურის გამოსახულება უკან იწევს. კადრში შემოდის თვითმფრინავის კორპუსის ნაწილი.
დიქტორის ტექსტი – 1983 წლის 18 ნოემბერი. თბილისის აეროპორტიდან აფრინდა თვითმფეინავი ტუ-134. რეისით #6833 თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი. 15სთ-სა და 43წთ-ზე თვითმფინავმა, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იყო კურსი ბათუმისკენ აიღო. 16სთ-სა და 13წთ-ზე განხორციელდა მცდელობა თვითმფრინავის გატაცებისა. 16სთ-სა და 40წთ-ზე თვითმფრინავის შასი კვლავ თბილისის აეროპორტის ბეტონის ზოლს შეეხო. 14სთ-ის შემდეგ თვითმფინავის გამტაცებლები განიარაღებულები და დაპატიმრებულები იყვნენ. ამ დროისათვის მოკლული იყო: ეკიპაჟის სამი წევრი, ორი მგზავრი, თვითმფრინავის სამი გამტაცებელი, ერთი სამხედრო. სულ 9 ადამიანი. მაგრამ ამ ტერორისტული აქტის გამო მსხვერპლთა რიცხვს კიდევ ეწერა გაზრდა.
თემურ გოქსაძე (ადვოლატი) – ძიების საბუთების ყურადღებით გაცნობის შემდეგ აშკარა ხდება, რომ თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმე კანონიერების დარღვევით წარიმართა. ადგილი ჰქონდა დაპატიმრებულებზე ფსიქიკურ და ფიზიკურ ზეწოლას. ამის ნათელი დადასტურებაა თინათინ ფეტვიაშვილის მდგომარეობა. სწორედ ზეწოლის შედეგი იყო, რომ მას ფეხმძიმობა მოეშალა. ხოლო, რაც მოხდა 1984 წლის თებერვალში, არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება. დააპატიმრეს ბერი თეოდორე და გამოაცხადეს ბანდის ხელმძღვანელად.

(ეკრანზე ჩნდება ფოტოსურათი)

დიქტორის ტექსტი ბერი თეოდორე, საერო ცხოვრებაში ცნობილი როგორც თემურ ჩიხლაძე. 33 წლის. ის სწორედ ამ ახალგაზრდების ჯგუფს ასწავლიდა თეოლოგიას.
თემურ გოქსაძე – ძიების მასალებიდან ჩანს, თითქოს თემურ ჩიხლაძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ჯგუფის მომზადებაში და ეძიებდა საშუალებებს ქვეყნის უკანონოდ მიტოვებაში. მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, რაც მხოლოდ ზეწოლის შედეგად მიღებული ჩვენებიდან ჩანს, ის არ იმყოფებოდა თვითმფრინავში და არავითარი მონაწილეობა არ მიუღია თვითმფრინავის გატაცებაში. ამ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საბჭოთა რეჟიმი სამაგიეროს უხდიდა მამა თეოდორეს იმისათვის, რომ მან 1983 წელს პოლინეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს დაღუპულთ პარაკლისი გადაუხადა.
ლევან ბერძენიშვილი (ყოფილი დისიდენტი) – მოგეხსენებათ, რა ხერხებით ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი ადამიანთა თავისუფავლ ნებას. არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოირჩეოდა ეს ხერხები თავისი წესიერებით და კეთილსინდისიერებით. თვითმფრინავის გატაცების ფაქტს აშკარად პროვოცირება გაუკეთა თვითონ კომუნისტურმა რეჟიმმა და მისმა არასამართლიანმა აკრძალვებმა. რაც გამოიხატება მოქალაქეთა ქვეყნიდან თავისუფალი გასვლის აკრძალვაში. და თუკი საბრალდებო სკამზე მოხვდნენ ეს ახალგაზრდები, ასევე უნდა გასამართლებულ იქნას თვით კომუნისტური რეჟიმი მისი პარტიის სახით, რაც სამწუხაროდ ჯერ არ დაკეთებულა.
თემურ გერსამია (მოსამართლე) – თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმე ორი კუთხით შეიძლება განვიხილოთ. პირველი: ჩაიდინეს თუ არა ბანდიტური ჯგუფის წევრებმა ის დანაშაულებრივი ქმედებანი რაც ბრალად ედებოდათ. და მეორე: იმსახურებენ თუ არა იმ სასჯელს, რაც მათ სასამართლომ განუსაზღვრა და არა მოსამართლემ, როგორც ზოგიერთი დაინტერესებული პირი ამბობს. სანამ ძირითად სათქმელზე გადავალ, ერთი რამ მინდა გითხრათ, სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მოსამართლის პერსოფიცირება. ეს მხოლოდ საქართველოში იქცა მოდად და ვერ გავიგე რატომ.
თემურ გოქსაძე (ადვოკატი) – საქმე ის გახლავთ, რომ სისხლის სამართლის მეცნიერებამ კარგა ხანია რაც შეიმუშავა დანაშაულებრივი ორგანიზაციის ცნება. დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის ერთერთ სახესაც შეიარაღებული ბანდა წარმოადგენს, ყოველგვარი სხვა დანაშაულებრივი დაჯგუფებისგან ერთი არსებითი ნიშნით განსხვავდება, ეს არის მყარი ჯგუფი. რას ნიშნავს ჯგუფის სიმყარე? ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი შემთხვევითი შეკავშირება კი არ არის ორი ან მეტი კაცისა, არამეტ იგი შექმნილია დანაშაულებრივი საქმიანობისათვის. ჯგუფი მყარია, ესე იგი, ის არ დაიშლება ერთი დანაშაული ჩადენის შემდეგ, არამედ გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას, მეტად თუ ნაკლებად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასე რომ თვითმფრინავის გამტაცებლებს არ უნდა ჰქონოდათ წარდგენილი საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლი, რადგან მათ მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფი არ მოიცავდა ბანდის ნიშნებს. თუკი სასამართლო თვითმფრინავის გამტაცებლებს 78-ე მუხლს მოუხსნიდა, ეჭვი არ არის, განსასჯელთა ბრალდება მნიშვნელოვნად შემსუბუქდებოდა. განსაკუთრებით იმოქმედებდა ეს გარემოება თემურ ჩიხლაძის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრაზე. რომელიც წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ ბანდის ორგანიზატორად ჩათვალა.
თემურ გერსამია (მოსამართლე) – რაც შეეხება ფაქტს, რომელიც მონათლულია თვითნფრინავის გატაცების მცდელობად, გამტაცებლებს კი რატომღაც ,,თვითმფრინავის ბიჭებს” უწოდებენ. კანონის ენით თუ ვილაპარაკებთ, ისინი თვითმფრინავის გამტაცებელი ბიჭები კი არა, ბანდიტები არიან. ესეც რომ არა, ნებისმიერ ეპოქაში, თუ ქვეყანაში, როცა საქმე ეხება ისეთ უმძიმეს დანაშაულს როგორიც არის ბანდიტიზმი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – თვითმფრინავის გატაცება, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ბანდიტების მიმართ განსაზღვრული კანონმდებლობა თითქმის უცვლელია. მკვლელი ნებისმიერ ქვეყანაში მკვლელია,
დიქტორი ტექსტი - განსასჯელთა სკამზე უშუალოდ თვითმფრინავის გამტაცებელთა და მღვდლის გვერდით მოხვდა ანა ვარსიმაშვილი (ამოდის ფოტო) თბილისის აეროპორტის მგზავრთა გადაყვანის ორგანიზაციის სამსახურის საერთაშორისო სექტორის მორიგე.
ანა ვარსიმაშვილი – ჩვენი გაცნობა ადრე მოხდა. როგორც შემდეგ გავიგე მათგან წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად. გაფრენის წინა დღეს კი გეგა კობახიძემ და თინათინ ფეტვიაშვილმა ქორწილში დამპატიჟეს. მეორე დღეს მე მორიგე ვიყავი აეროპორტში და კეთილი ნაცნობობის ხათრით მექორწილეები: ნეფე-პატარძალი თავიანთი მეჯვარეებით გავატარე სპეც. კონტროლის გარეშე, ეგრეთწოდებული დეპუტატების შესასვლელიდან.
დიქტორის ტექსტი – ამ დანაშაულის გამო ანა ვარსიმაშვილს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, ხოლო გეგა კობახიძეს, ძმებ ივერიელებს და თემურ ჩიხლაძეს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.(დოკუმენტური ვიდეო ჩანაწერის კადრები) 1984 წლის 23 აგვისტოს 19სთ-სა და 45წთ-ზე საქართველოს ტელევიზიით შედგა ორსაათიანი გადაცემის ტრანსლაცია თვითმფრინავის გამტაცებლების პროცესის ამსახველი კადრებით.

(დოკუმენტური ვიდეო ჩანაწერის კადრები)

ლევან ბერძენიშვილი (პოლიტიკური შემფასებელი) – რასაკვირველია, ეს ვიდეო მასალები დამონტაჟებული იყო კაგებეს თანამშრომლების უშუალო მითითებებით. კგბ-ში ამის დიდოსტატები იყვნენ. ისინი არაფრის წინაშე არ იხევდნენ უკან, ოღონდ ადამიანის დისკრედიტაცია მოეხდინათ და თავისთვის სასურველი აზრი შეექმნათ ხალხში. ამ კომპანიაში არც მაშინდელი საბჭოთა პრესა ჩამორჩა. და რაც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია, არ მოერიდნენ მშობლების გალანძღვასაც. ეწყობოდა კრებებო უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო დაწესებულებებში და იკიცხებოდნენ როგორც თვითმფრინავის გამტაცებლები, ასევე მათი მშობლები, ხოლო ამ კრებებზე არც პრესაში, არც ტელევიზიით, რასაკვირველია, არაფერი არ ითქმება, რამ აიძულა ეს ახალგაზრდები წასულიყვნენ ესოდენ მძიმე ქმედებაზე.
ბუბა ხოტივარი (რეჟისორი) – გეგამ პირველად კინოში ჩემს ფილმში გადაიღო "ლაზარეში". მე ძალიან მიყვარდა ეს ბავშვი და უშუალო მონაწილეობას ვღებულობდი მისი და დანარჩენი ახალგაზრდების შეწყალებაზე ხელმოწერების შეგროვებაზე. ძალიან ბევრმა მაშინდელმა საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა უარი მითხრეს ხელმოწერებზე, მაგრამ ბევრმა ხელი მომიწერა. ეს მაშინ თამამ ნაბიჯად ითვლებოდა. ერთი ასეთი ეპიზოდი მახსენდება. მივედი გამოჩენილ მხატვარ-მონუმენტალისტ ზურაბ წერეთელთან. მასთან მარტო მე შევედი. ვუთხარი რაზეც ვიყავი მისული და აღვუთქვი, რომ თუ ის წინააღმდეგი იყო ხელის მოწერის, პირდაპირ ეთქვა და ამის შესახებ ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებდა. და ეს ასეც იქნებოდა, მერწმუნეთ. ბატონმა ზურამ მაშინვე გამომართვა ფურცელი დამოაწერა ხელი.
ივერიელების მამა – მე შეწყალების თხოვნით მივედი მთავრობაში, რათა ერთი შვილი მაინც შეენარჩუნებინათ.
თეიმურაზ ჩიხლაძის შვილი – განაჩენის დროს 13 წლის ვიყავი. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მე-3 დღეს, დედას, შეწყალების შესახებ წერილი მიჰქონდა მთავრობაში. ის ამ დღეს (გზაში) ავარიაში დაიღუპა. მე პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოვაცხადე. მამაჩემი უდანაშაულოდ დახვრიტეს. მე ამაში კომუნისტებს ვდებ ბრალს.

(დოკუმენტური კადრები) თბილისის ორთაჭალის ციხე.

დიქტორის ტექსტი – ისინი ორთაჭალის ციხეში ელოდნენ განაჩენის სისრულეში მოყვანას. დახვრეტებს ჯალათთა სპეც. ჯგუფი აწარმოებდა. მიყავდათ პატიმრემი ამ დერეფნებით. ჩაყავდათ ამ კიბით. შეყავდათ ამ ოთახში და ყველას ერთნაირად კლავდნენ ერთი ტყვიით კეფაში. იმ რეჟიმს ეს ხერხი კარგად ჰქონდა შესწავლილი, მას ამისათვის სამოცდაათი წელი ჰქონდა ასპარეზად. ამით შეწყდა თვითმფრინავის გამტაცებლების საქმე, მაგრამ არ შემწყდარა ტკივილი, რომელიც მოუშუშებელ იარად იქცა ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც სულ ახლახან შეუდგა ახალი სახელმწიფოს შენებას და იმედი გვაქვს, არასოდეს არ დატრიალდება მსგავსი ტრაგედია და არ დაირღვევა ყველაზე წმინდათა წმინდა მისი მოქალაქეების უფლებები
(კადრები თბილისის ქუჩებიდან)
დასასრული

სხვადასხვა საიტებიდან

***
1983 წელს Led Zeppelin-ის მოყვარულმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით უნდოდათ დაეღწიათ იმ საბჭოთა წყობილებისგან სადაც თავისუფლების მოყვარული ადამიანებისთვის ადგილი არ იყო ამიტომ ამერიკაში მოხვედრა სცადეს.
მათგან ერთ-ერთს უნდოდა ამერიკის პრეზიდენტ რეიგანთან ჩოხა-ახალუხით შესულიყო და მოეყოლა, თუ რა ხდებოდა მის ქვეყანაში, თუ როგორი შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ იმ საბჭოთა კავშირში, საიდანაც დიდ სიძლიერეს ანახებდნენ სხვა ქვეყნებს. მათი გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. ისინი დაიღუპნენ ე.შევარდნაძის ბრძანების მიერ, გარედან დაცხრილულიყო თვითმფრინავი. შიგნით მყოფმა ადამიანებმა თვითმფრინავის ფანჯრებზე ხელი მიადეს, რათა დაენახებინათ გარეთ მყოფებისთვის, რომ მათ შეეწყვიტათ სროლა გარედან, ყველას ხელები ქონდა დაცხრილული. გამტაცებლების მიერ მხოლოდ ერთი დაიღუპა იმის გამო რომ ეგონათ კაგებეს კაცი იყო, დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა (რომელიც საკანში ყოფნის დროს დააძინეს და ბავშვი მოაშრორეს), საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა სადაც თვითვეული დახვრეტილის მშობლებს 3-3 მანეთი გადაახდევინეს ტყვიის საფასურად, აქედან ერთის მშობელს 6 მანეთი, რადგან ერთი ტყვია აცდა და მის მოკვლას ორი ტყვია დაჭირდა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. მათი საფლავები დღემდე უცნობია დახვრეტილების მშობლებისთვის. ”თვითმფრინავის ბიჭების საქმე” თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.
ეს ამბავი თითქმის ყველამ იცის მაგრამ ყველასთვის არ არის ცნობილი სინამდვილეში რა მოხდა. ხალხმა უფრო ჭორების დონეზე იცის ამ ამბავის შესახებ. თუ ვინმეს აინტერესებს ამ ისტორიაზე დაწვრილებით გაიგოს ყველაფერი, უნდა წაიკითხოს დათო ტურაშვილის წიგნი ”ჯინსების თაობა”. ამ ამბავზე თავისუფალ თეატრში არის დადგმაც, რომელიც მართლა კარგი დადგმაა.

http://ucnauri.com/?p=3963#more-3963

***
ძლიერ «რეზონანსული» ამბავი 1983 წლის 18 ნოემბერს ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცება გახდა. მათ სცადეს კიევის მიმართულებით გაფრენილი თვითმფრინავის «შეტრიალება» თურქეთისაკენ. ინციდენტის შედეგად რამდენიმე სრულიად უდანაშაულო ადამიანი (ჩვეულებრივი, საბრალო «ობივატელი») დაიღუპა. თუმცა, მსხვერპლის დიდი ნაწილი მოჰყვა თვითმფრინავის თბილისში დაშვებისას ე.წ. «მერვე პოლკის» ჯარისკაცთა უთავბოლო სროლას. ეს პოლკი მაშინ ორმაგ დაქვემდებარებაში იყო და ძირითადად რუსი ჯარისკაცებისაგან შედგებოდა.
საქართველოს КГБ-ს შეფმა, ალექსი ინაურმა, მოსკოვიდან სახელგანთქმული სპეცჯგუფი «ალფა» გამოიძახა, რომელიც სამხედრო თვითმფრინავით ორმოციოდე წუთში ჩამოფრინდა თბილისში. ამ რაზმის მებრძოლთა პროფესიონალიზმზე სასწაულებს ჰყვებოდნენ.
«ალფამ» სულ 7 წუთი მოანდომა მთელს ოპერაციას. ერთი «გამტაცებელი» შტურმის დროს მოკლეს, დანარჩენები დააპატიმრეს. სასამართლო მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ - 1984 წლის აგვისტოში გაიმართა. გეგა კობახიძეს, რომლის მამა, ნიჭიერი კინორეჟისორი, უმუშევარი იყო და (როგორც მაშინ ამბობდნენ) ქუთაისში «პარკეტჩიკად» მუშაობდა, გრიგოლ ტაბიძესა და ძმებ ივერიელებს, აგრეთვე მღვდელს, ვინც დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, მაგრამ უშუალოდ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია, - სიკვდილი მიუსაჯეს. თინათინ ფეტვიაშვილს - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ესოდენ მკაცრი განაჩენის მთავარი ინიციატორი იმდროინდელი გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე გახდა. მას შემდგომშიც არაერთგზის უთქვამს, რომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და თავის სიმართლეში ეჭვიც არ ეპარება.
ცოტამ თუ იცის: იმ ხელმოწერებთან ერთად, რომელსაც აგროვებდნენ ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები ახალგაზრდა ტერორისტებისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად (მხოლოდ რამდენიმემ გაბედა ეთქვა პრინციპულად უარი იმ მოტივით, რომ ტერორისტებმა სრულიად უდანაშაულო ადამიანები შეიწირეს), - გროვდებოდა სხვა ხელმოწერებიც: თვითმფრინავში დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები აგროვებდნენ ხელმოწერებს დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯის მოთხოვნით. მათი მოტივი იმ დროისთვისაც ძალზე ნიშანდობლივი იყო: «იმათ (ტერორისტებს – ავტ.) გამოუჩნდათ პატრონი და ჩვენი მკვდრები უპატრონოები არიან?»
განაჩენი აღსრულდა 1984 წლის შემოდგომაზე. თუმცა, მაშინ ბევრი ამტკიცებდა, ახალგაზრდები შეიწყალეს და შორეულ «ლაგერში» გააგზავნესო. მაგრამ იმდროინდელი რეჟიმის მარაზმატიულობა სწორედ იმაში მდგომარეობდა (ყველაფერთან ერთად), რომ დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. სპეციალური გადაცემა ტერორისტული აქტის თაობაზე დავით სოკოლოვს მიჰყავდა. ეს გადაცემა ეთერში 1984 წლის ზაფხულში გავიდა - როდესაც განაჩენი სისრულეში ჯერ კიდევ არ იყო მოყვანილი. შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ახალგაზრდების სიმშვიდე და სიკვდილისათვის მზადყოფნა: «სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს - ჩვენ სიკვდილის ღირსნი ვართ და მოვკვდებით.»

http://www.experti.ge/kartuli1.htm


Особая папка КГБ. Совершенно секретно. Экз. ед.

"18 ноября 1983 года в 16.16 московского времени во время полета самолета Ту-134А, следовавшего по маршруту ТбилисиБатуми-Киев-Ленинград с 57 пассажирами и 7 членами экипажа на борту, группа вооруженных преступников смертельно ранила бортмеханика и заместителя начальника летно-штурманского отдела Управления гражданской авиации Грузинской ССР и потребовала изменить курс, посадить самолет в Турции.
Командир экипажа самолета не подчинился требованию преступников и произвел посадку в Тбилиси. Преступники захватили пассажиров в качестве заложников и настаивали на выполнении ранее выдвинутых требований. Председателем КГБ СССР было дано указание немедленно направить в Тбилиси сотрудников спецподразделения 7-го управления для освобождения заложников.
В 23.08. 38 сотрудников спецподразделения прибыли в Тбилиси". Через восемь лет, в ноябре 1991 года, во время правления Президента 3. Гамсахуурдиа, газета "Свободная Грузия" опубликует разоблачительную статью о том, как под руководством Э. Шеварднадзе была проведена "бессмысленная бойня", убийство молодых "борцов за свободу и независимость", пытавшихся покинуть на самолете "империю". Далее говорилось, что художник Гия Табидзе был убит, художник Давид Микаберидзе покончил с собой, актер Геча Кобахидзе, художник Сосо Церетели, врачи Паата и Кахи Ивериели получили ранения при штурме самолета "имперским спецназом".

Saturday, May 9, 2009

თვითმფრინავის ბიჭები



"ჯინსების თაობა"დროსთან ერთად უფროდაუფრო პოპულარული ხდება. უცნაური ამბავი "თვითმფრინავის ბიჭებზე" ბევრ კითხვას ბადებს. 1983 წელს მომხდარი ყველაზე გახმაურებული და უცნაური ამბავი დიდი ხნის განმავლობაში ყველასთვის ბურუსით მოცული და დახურული იყო. ქართველ დაუმორჩილებელ და თავისუფლების წყურვილით შეპყრობილ ადამიანების ისტორია დღესაც აქტუალურია. მასზე არაერთი სპეკტაკლი იდგმევა იწერება წიგნები და ეძღვნება გადაცემები. ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ისტორია 80 წლების მიწურულს დაიწყო. ისტორია ყველაზე გაბედულ და თამამ ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და აშკარა პროტესტი მათ უსამართლო წყობის მიმართ გამოხატეს. ისინი ვერ შეეგუენ საბჭოთა კავშირის სასტიკ წყობას, მათ მკაცრ რეჯიმს..ამიტომაც გადაწყვიტეს ქვეყნიდან გაქცევა..თავისუფლების ჯინიმა და საბჭოთა ხელისუფლების სიძულვილმა ისინი ამ დონემდე მიიყვანა. გეგა კობახიძე, თინათი ფეტვიაშვილი, კახა და პაატა ივერიელები, გია ტაბიძე, დავით მიქაბერიძემ და მამა თეოდორე-იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ მიზნის განხორციელებისთვის..მათ იქირავეს ბინა სადაც ხშირად იკრიბებოდნენ და ქვეყნიდან თავისდახწევის გეგმაზე ერთად მუშაობდნენ..საბჭოთა საზღვრების გადალახვა იმ დროს მხოლოდ "რჩეულთა ხვედრი"იყო, ამიტომაც გაქცევის ერთადერთი და ყველაზე ხელსაყრელი გზა თვითმფრინავის "გატაცება"და თურქეთში ამ ხერხით გადასვლა იყო. ისინი სწორედ იქიდან ვარაუდობდნენ ამერიკაში წასვლას სადაც დახმარებას ელოდნენ.. გეგა კობახიძე"ვფიქრობდი რომ ჩასვლისთანავე იქ დიდ ყუადღებას მოგვაქცევდნენ, მე ხატვის კურსებზე ვივლიდი და გამოჩენილი მხატვარი გავხდებოდი, ხოლო ჩემი ცოლი კი მევიოლინე იქებოდა......" ყველაფერი კი სხვაგვარად მოხდა..გეგმა რომელიც შეიმუშავეს ვერ განხორციელდა.

თვითმფრინავი "ტუ 134"საბედისწერო რეისი აღმოჩნდა მეოცნებე ახალგაზრდებისთვის..შეშინებულმა პილოტმა, რომელიც ერთ დღეში გაჭაღარავდა შეუმჩნევლად მოატრიალა თვითმფრინავი თბილისისკენ.. ის მიწაზე არც კი იყო დაშვებული როცა "კაგებემ"ცეცხლი გაუხსნა მათ .სროლის დროს მოკვდა 3 მგზავრი,ერთ-ერთი "გაქცევის ორგანიზატორი"იქვე მოკდა ხოლო მეორემ თავი მოიკლა.. გეგა კობახიძე თინა ფეტვიაშვილი, მამა თევდორე, კახა და პაატა ივერიელი დააკავეს და გაასამართლეს..სასამართლომ მსჯავრდებულებს უსასტიკესი განაჩენი გამოუტანა ეს ადამიანები საბჭოთა ეპოქის მკაცრი კრიტერიუმებით ასე შეაფასეს "преступная группа имея намерения изменить родину в форме бегство за границу".ისინი მალევე დახვრიტეს,მხოლოდ ფეხმძიმე თინა "შეიწყალეს".მას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ციხის საკანშივე აბორტი გაუკეთეს.. სიკვდილით დასაჯეს ადამიანი რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არც ყოფილა..მამა თეოდორე მის თანამოაზრეებთან ერთად გაასამართლეს. იგი ახალგაზრდების გადარჩენის მიზნით მომხდარს საკუთარ თავს იბრალებდა და ყველაფერს მის თავზე იღებდა, თუმცა ამაოდ.... მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია. საოცრად უიღბლოდ და ტრაგიკულად დამთავრდა ახალგაზრდა, მეოცნებე ადამიანთა ამბავი რომლებიც უნებლიედ "მკვლელები და ტერორისტები" აღმოჩნდნენ თუმცა მათი მიზანი სულ სხვა იყო.. არსებობს რამდენიმე ვერსია ერთ-ერთის თქმით ცხედრებს გოგირდმჯავა გადაასხეს. ეს ამბავი ტრაგიზმით, ზედმეტი რომანტიზმით, წარმოუდგენელი გამბედაობით არის სავსე..ბევრ ადამიანს არ შეეძლო ეპოვა საკუთარ თავში ძალა ამ ნაბიჯის გადასადმელად და ამით წინ აღდგომოდა "უძლეველ საბჭოთა კავშირს". ეს არის დოკუმენტური მასალა იმ ადამიანებზე რომლებიც ზოგისთვის ტერორისტები და ზოგისთვის კი გმირები არიან..ჩემთვის მართლაც ღირსეული და განსაკუთრებული ინდივიდები იყვნენ რომლებიც მხოლოდ ერთხელ იბადებიან და არავის გვანან..არ შეიძლება ტერორისტებს მივაწეროთ ისინი რადგან მათში დიდესი ვაჟკაცობა და ძალა ჩანს...ისინი არ შეუშინდნენ სიკვდილს არამედ თამამად აღიარეს "დანაშაული". ხალხს აკვირვებდა მათი უჩვეულო სიმშვიდე და სიმტკიცე. მათ არ უნანიათ ჩადენილი საქციელი და პატიებაზეც უარი განაცხადეს რაც გეგა კობახიძის სიტყვებში ჩანს"ვერც ბოდიშს ვიტყვი და ვერც ვერაფერს..არამაქვს მე ამის უფლება, შეურეცყოფის მიყენება იქნება რომ მე ვითხოვო მაპატიე.." სწორედ ამიტომ ვერ მივაწერთ მათ ტერორისტებს..ისინი ელიტარული და ღირსეული ოჯახებიდან იყვნენ გამოსულები..თავად გეგა მსახიობი იყო. და როგორც ხშირად ხდება გამორჩეული ადამიანების ხვედრი ხშირად მძიმე და ტრაგიკულია,თუმცა მათი კვალი იშვიათად იშლება..